ისინი არ არიან ტურისტები. საქართველო უკვე მათი სახლია – რას ფიქრობენ საქართველოზე უცხოელები, რომლებიც აქ ათ წელზე მეტია ცხოვრობენ, შექმნეს ოჯახი და ეს ქვეყანა მათი მეორე სამშობლო გახდა.

სპოილერი: აღმოჩნდა, რომ ყველა როდი გიჟდება ქართულ საჭმელზე.

ვოიტაჩ კუბეჩი: მე არ მენატრება „ველური აღმოსავლეთის“ საქართველო

საქართველომ ჩემი ყურადღება ჯერ კიდევ მაშინ მიიქცია, როდესაც ჩეხეთში სკოლაში დავდიოდი. კავკასიის, საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ ვუსმენდი გაკვეთილზე და ვფიქრობდი: რა საინტერესო პატარა ქვეყანაა, რომელზეც თითქმის არავინ იცის.

17 წლის ვიყავი, საქართველოში პირველად რომ ჩამოვედი. ეს ჯერ კიდევ 1999 წელი იყო. მას შემდეგ ყოველ ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ.

მაშინ არაფრის გვეშინოდა, ღარიბი სტუდენტები ვიყავით, ამიტომ ქურდებსა და გამტაცებლებისთვის ინტერესის ობიექტს არ წარმოვადგენდით. იმ პერიოდში გარშემო მუდმივად პოლიციელები დადიოდნენ.

ირგვლივ სულ ვიღაცა შეიარაღებული ხალხი იყო, რომლებიც ცდილობდნენ კავკასიელი რაინდის როლი შეესრულებინათ. მახსოვს, აფხაზეთში დაღუპულთა სადღეგრძელოებს ვსვამდით ხოლმე.

თბილისის ქუჩებში ჯარისკაცები კალაშნიკოვებით დადიოდნენ და გამვლელებს სიგარეტს სთხოვდნენ, რადგან იმ დროს მათი ხელფასი თითქმის არაფერი არ იყო. როგორც წესი, ისინი თავიანთ რეგიონებში მსახურობდნენ, ამიტომ დედები ხშირად სტუმრობდნენ მათ ყაზარმებში და საჭმელი მიჰქონდათ.

მაშინ საქართველო უცნაური ადგილი იყო, მაგრამ იზიდავდა მათ, ვისაც ე.წ. “ველური აღმოსავლეთის” რომანტიკა და ეგზოტიკური პოსტსაბჭოთა სამყარო აინტერესებდა.

როდესაც ეს ადამიანები 90-იანების შემდეგ საქართველოში კვლავ ჩამოვიდნენ, ისინი, როგორც წესი, იმედგაცრუებული რჩებოდნენ, რადგან ქუჩაში სუფრას აღარავინ უშლიდა და თავის სახლში დილამდე დასალევად მათ დაჟინებით აღარავინ ეპატიჟებოდა.

90-იანებში სულ იყო ვიღაცა, ვინც გვმასპინძლობდა. უცხოელებისთვის, მაშინ შეუძლებელი იყო ასეთ რამეში ფულის გადახდა. ყველას უნდოდა, ჩვენი მეგობარი ყოფილიყო – მსახიობებისა და მწერლებით დაწყებული, ჩვეულებრივი მუშებით დამთავრებული. ახლა ეგრე აღარ არის.

საქართველო უფრო „ნორმალური“, პროფესიონალური და ეფექტიანი გახდა. ახლა ადამიანები მეგობრებს ხასიათით აფასებენ და არა იმით, რომ უცხოელი ხარ.

საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს დავბრუნდი. ზამთარი იყო, საქმე დიდად არ მქონდა და გადავწყვიტე, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც მალე თსუ-ს შეუერთდა, ჩეხური ენის შემსწავლელ კურსზე დახმარება გამეწია. სწორედ იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რომელიც ჩეხურ ენას ასწავლიდა მიუხედავად იმისა, რომ ენა თვითონაც კარგად არ იცოდა, თუმცა სწავლა ძალიან უნდოდა. მოგვიანებით, ის პრაღაში სამაგისტრო პროგრამაზე მიიღეს, ჩვენ ოჯახი შევქმენით.

2007 წელს თბილისის სახელმწიფო ეკონომიკურ ურთიერთობათა უნივერსიტეტში ჩეხური ენის ლექტორატი დავაარსე. ყოველ სემესტრში დაახლოებით 20-25 სტუდენტი გვყავს. ქართველებს ჩეხური ენის შესწავლა ძირითადად პრაგმატული მიზნების გამო უნდებათ. კულტურის შესწავლაზე მეტად, ისინი ჩეხეთში სწავლის ან დასაქმების პერსპექტივით არიან დაინტერესებულნი.

მე თვითონ ქართული ენა ლექსიკონის დახმარებით ვისწავლე. რადგან ისტორიით ვარ დაინტერესებული, მინდოდა, კულტურის შესახებ წამეკითხა და ქართული ლიტერატურა ჩეხურად მეთარგმნა, მაგალითად, „აბოს წამება“. დღესდღეობით ჩემი საქმიანობის დიდ ნაწილს კომერციული თარგმანი, კონტრაქტების თარგმნა და არქივებში კვლევების ჩატარება იკავებს.

ასევე ვმუშაობ პროექტების კოორდინატორად ჩეხეთის განვითარების სააგენტოში ფშავ-ხევსურეთის რეგიონში. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მიზანია, ხელი შეუწყონ ახალგაზრდების დაბრუნებას მშობლიურ რეგიონებში მათთვის სამუშაოსა და გართობის შესაძლებლობების შექმნით. ქართველები ყოველთვის იყვნენ ყველაზე ურბანული ერი სამხრეთ კავკასიაში. შედარებისთვის, სხვა ქვეყნებში ყოველთვის ერთი შვილი მაინც სოფელში რჩებოდა და მიწათმოქმედებას ეწევა. საქართველოში კი, როგორც კი შვილები განათლებას მიიღებენ, ისინი მყისვე ქალაქში საცხოვრებლად მიდიან. უკან მხოლოდ ბებია-ბაბუების მოსანახულებლად ბრუნდებიან ხოლმე. ეს მიდგომა ნელ-ნელა იცვლება, რაც ვფიქრობ საქართველოსთვის კარგია, რადგან თბილისი მეტ ადამიანს ვეღარ იტევს.

კოვიდ-19-ის პანდემია არის გამოწვევა, რომელსაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დადებითი შედეგებიც მოაქვს. რადგან ქალაქში ახლა ნაკლები სამუშაოა, უფრო და უფრო მეტი ადამიანი სოფლებში ბრუნდება ან, სულ მცირე, ამას განიხილავს. მთელ საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ ნუშის, ატმის, ქლიავისა ან ზეთისხილის ახალი ბაღები, ასევე ვენახები. ეს ტენდენცია აშკარაა.

რაც მთავარია, საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც დეპრესიის განვითარებას ხელს შეუწყობდა. მაგალითად, პრაღაში შეიძლება ვიღაცა წავიდეს ბარში, მთელი ღამის განმავლობაში სულ მარტომ ერთი ლუდი დალიოს, ბუზები ითვალოს და მერე დაბრუნდეს სახლში. საქართველოში ეს შეუძლებელია. ხალხი ყოველთვის ერთად იკრიბება და მარტო არავინ რჩება.

იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც საზოგადოებისგან გარიყულები არიან, ყოველთვის ჰყავთ მეგობრები და ისინი ერთმანეთს ეხმარებიან – ერთი სასმელს მოიტანს, მეორე საჭმელს და ასე ატარებენ დროს. შედეგად, ადამიანები ერთმანეთთან ბევრად უფრო ახლოს არიან და ალბათ უფრო ბედნიერებიც არიან ვიდრე ჩეხეთის საზოგადოების წევრები. რა თქმა უნდა, სიღარიბე არსებობს, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. ფანჯრიდან უფრო და უფრო მეტ ადამიანს ვხედავ, რომელიც ნაგვის ურნებში ისეთ ნივთებს ეძებს, რომლების გამოყენებას ან გაყიდვას შეძლებდნენ. მათთვის სიტუაცია ძალიან რთულია.

ბევრი პროექტი მაქვს, რომლის დასრულებას ვაპირებ, მინდა გავატარო რაღაც დრო სოფლებში, სადაც არავინ დამაძალებს მუდმივად დალევასა და გართობას. დავაფუძნე ასოციაცია „ბოჰემიკა“, რომელიც საქართველოში ჩეხური კულტურის პოპულარიზაციას ეწევა. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ნაწილია იმ ჩეხების ბედის გამოკვლევა, რომლებიც საქართველოში დიდი რაოდენობით ჩამოდიოდნენ მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე. ცოტა ხნის წინ, გადავიღეთ დოკუმენტური ფილმი იმ ჩეხების შესახებ, რომლებმაც თბილისში არტ ნუვოს სტილის ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანეს. ძირითადად, ეს იყვნენ ჩეხი ხელოვანები, რომლებიც არტ ნუვოს სტილის შენობებზე მუშაობდნენ. 

კატარინა ციესლაკი: საქართველომ თავიდან დამაბნია, მაგრამ მერე ჩემი ადგილი ვიპოვე

საქართველოში პირველად ათი წლის წინ ჩამოვედი. მაშინ ეს ქვეყანა კარგად ვერ გავიგე. არც ევროპა იყო, არც აზია, ხოლო მენტალიტეტი პოლონეთისგან ძალიან განსხვავდებოდა, განსაკუთრებით რეგიონებში.

პოლონეთში, ბევრი ადამიანი მირჩევდა აქ ჩამოსვლას. ისინი აღწერდნენ საქართველოს, როგორც ძალიან ლამაზ და სტუმართმოყვარე ადგილს. მხოლოდ ერთმა ადამიანმა მითხრა სიმართლე. ამ ქალმა საქართველო მოტოციკლით მოიარა და ასეთი რამ მითხრა: კი, ძალიან კეთილი, თბილი და სტუმართმოყვარე ადამიანები არიან, მაგრამ ტურისტებით დაღლილები არიან. შინაგანად, სინამდვილეში ძალიან სევდიანები არიან.

კატარინა ციესლაკი

რამდენიმე თვის შემდეგ, მივხვდი, რასაც გულისხმობდა. ქართველებისთვის სტუმართმოყვარეობა ნორმა იყო, მაგრამ ყველას ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. ადამიანები მიღიმოდნენ, თავიანთ სახლებში მეპატიჟებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ვუყვარვართ და პატივს მცემენ, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ მეზობლებმა მითხრეს, რომ მხოლოდ ვალის მოხდით მმასპინძლობდნენ, სინამდვილეში კი ძალიან დაღლილები არიან და სტუმრების ყოლა არ უყვართ.

როდესაც პირველად ჩამოვედი, ჯერ კიდევ 2012 წელს, ლაგოდეხში ტურისტულ გიდად ვმუშაობდი. სამუშაო ძალიან მრავალფეროვანი იყო. დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ბილიკების აღნიშვნაში ვიღებდით მონაწილეობას, „კარიტასთან“ თანამშრომლობით ვაგროვებდით ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს და ლაგოდეხის მოსახლეობასთან მიგვქონდა.

მხოლოდ ნახევარი წლით ჩამოვედი, უფრო დიდი ხნით დარჩენას არ ვაპირებდი, მაგრამ თბილისში ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი და შემიყვარდა. საქართველოში დარჩენასა და პოლონეთში დაბრუნებას შორის არჩევანის გაკეთება ჩემთვის მარტივი არ იყო. მამაჩემმა მითხრა: სხვანაირად ვერასდროს გაიგებო, ამიტომ გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

ახლა ორი ქალიშვილი გვყავს, მე წარმატებული ტურისტული გიდი ვარ. ძირითადად პოლონელებთან ვმუშაობ, მაგრამ ასევე მყავს სტუმრები ლატვიიდან და სხვა ქვეყნებიდან. სამწუხაროდ, ქართული არ ვიცი. თავიდან, რადგან ექვს თვეზე დიდხანს დარჩენას არ ვაპირებდი, რუსულის სწავლა უფრო გამოსადეგი ჩანდა. ჩემი მეუღლე ასევე რუსულენოვანია, ამიტომ ქართული დიდად არასდროს მჭირდებოდა.

თუმცა, ახლა ჩემს შვილებთან ერთად ვსწავლობ. ერთად ვუყურებთ მულტფილმებს, მხოლოდ ნახევარი მესმის, მაგრამ როცა ისეთ ადგილას ვარ, სადაც ადამიანებმა ქართულის გარდა სხვა ენები არ იციან, უკვე შემიძლია საუბარი.

საქართველოში ცხოვრება უფრო და უფრო მეტად მომწონს. მომწონს აქ ჩემი შვილების აღზრდა, რადგან აქ ნატურალური საჭმელია, სუფთა ჰაერია და ბუნებაა. შეგიძლია როგორც ზღვაზე, ასევე მთებში წასვლა.

შვილების აღზრდაშიც აქ უფრო მეტი თავისუფლება გეძლევა, ვიდრე პოლონეთში. საქართველოში შეგიძლია ერთი ჭიქა ღვინო დალიო, როდესაც შვილებთან ერთად ხარ ან მათთან ხმა აიმაღლო.

პოლონეთში, ასეთ შემთხვევაში შემეშინდებოდა, რომ პოლიცია ბავშვებს წამართმევდა. არასწორად არ გამიგოთ, ბავშვების აღზრდის თანამედროვე მეთოდებშიც ბევრი რამ მომწონს, ამ თემაზე სკანდინავიური ავტორების ბევრი წიგნიც წამიკითხავს, მაგრამ რაღაცები უბრალოდ არ მუშაობს.

ტურისტებისთვისაც ბევრი რამე გაუმჯობესდა. მაგალითად, ათი წლის წინ, ყველაზე პოპულარულ გზებზეც კი რთული იყო სუფთა საპირფარეშოს პოვნა. მაშინ ბუნებაში ვაჩერებდით ხოლმე მანქანას, ოღონდ ბენზინგასამართ სადგურზე იმ ძველ ტუალეტებში არ შევსულიყავით. ახლაც შეიძლება ასეთ ძველს გადაეყარო, მაგრამ ნორმალური ტუალეტის პოვნა ბევრად მარტივია.

ტურისტულ განვითარებას რაც შეეხება, გაიხსენეთ ბათუმი ცხრა წლის წინ. მაშინ იქ ყველაზე მაღალი შენობა იუსტიციის სახლი იყო. დღეს მას ვერც კი შეამჩნევთ, გარშემო იმდენი ახალი სასტუმროა. მეორეს მხრივ, საქართველო ნაკლებად საინტერესო ხდება იმ ადამიანებისთვის, რომლების თავგადასავლებს ეძებენ. ასეთ სტუმრებთან მიწევს ვიყო კრეატიული და წავიყვანო არასტანდარტულ ადგილებში, როგორიცაა თუშეთი, ხევსურეთი, თრუსოს ხეობა, უშგული და სხვა.

მე პირადად საქართველოში რაც ყველაზე ნაკლებად მომწონს, ეს საჭმელია. ხინკალი და ხაჭაპური ორი კვირის განმავლობაში საინტერესოა, მერე გბეზრდება.

ოლაფ მალვერი: ქართველებმა მომავალი თაობებისთვის ბუნების დაცვას კარგად გაართვეს თავი

საქართველოში პირველად 2001 წელს ჩამოვედი. კომუნისტების აშენებულ აეროპორტში ჩამოვფრინდი და სასტუმროში ვოლგით წამიყვანეს. მფლობელმა ორი სანთელი მომიტანა, შეიძლება დენი წავიდესო. ქვეყანა მაშინვე შემიყვარდა, როგორც ეს ყველა რომანტიკულ ადამიანს ემართება. ბუნების სილამაზით აღფრთოვანებული ვიყავი და მის დაცვაში დიდი პოტენციალი დავინახე.

საქართველოში ჩამოსვლა სწორედ ბუნების გამო გადავწყვიტე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სიღარიბის შედეგად ეროვნული პარკების რესურსებზე დიდი წნეხი იყო.

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), ეროვნული პარკების გადარჩენისა და მათი 100%-ით დაცულ ტერიტორიებად ქცევის მიზნით, ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ჩამოვიდა, მათ შორის საქართველოში.

იმ გუნდის წევრი ვიყავი, რომელმაც თანამედროვე სისტემით რამდენიმე ეროვნული პარკი დააარსა. 2004 წელს, ლაგოდეხში რეინჯერებთან და მსოფლიო ბანკის თანამშრომლებთან ერთად ვიყავით. ექსპედიციებში დავდიოდით, რათა იქ შესაძლო ტურისტული მარშრუტები გამოგვეკვლია.

თუ რომანტიკოსი ხარ და ეგზოტიკურ ადგილას ლამაზ ქალს შეხვდები – მეტიც არაფერი გინდა. მისი ხმა პირველად ლაგოდეხში გავიგე, როდესაც რამდენიმე რეინჯერმა ველური ცხენი ვერ შეიკავეს და ის მაღალი მბრძანებლური ყვირილით ამ ცხენზე უნაგირის გარეშე ამხედრდა. ნახევარი წლის შემდეგ დავქორწინდით და ახლა ორი შვილი გვყავს.

ეროვნული პარკების შექმნა ძალიან რთული ინიციატივა იყო, თუმცა ვთვლი, რომ ქართველებმა მომავალი თაობებისთვის ბუნების დაცვას კარგად გაართვეს თავი. აქ ბევრი ეროვნული პარკია და მათი უმეტესობა ჯერ კიდევ ვითარდება. შესაძლოა, საქართველოში, კოსტა-რიკას მსგავსად, მთლიანი ტერიტორიის 20% ეროვნული პარკი გახდეს. ეს ტურიზმსა და ბუნების დაცვისთვის უდიდესი რესურსია.

ადამიანებს, რომლებიც საქართველოს აკრიტიკებენ, უნდა ახსოვდეთ ის ელვის სისწრაფე, რომლითაც საქართველო ყოფილი კომუნისტური ქვეყნიდან დიდი საქმეების გზაზე დადგა.

ქართველებმა უცხოების მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალონ. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია, მათ შორის – ამერიკაში. ერთი რამ, რასაც საქართველოში ვისურვებდი არის უცხო ადამიანების მიმართ მეტი მეგობრულობა. ძალიან მინდა, რომ მაღაზიაში შემხვედრის ან ქუჩაში გამვლელის მიმართ გარკვეული კავშირი, მეგობრულობა იგრძნობოდეს.

ზოგადად, ქართველები არც ისე კეთილგანწყობილები არიან უცხოების მიმართ. ერთმანეთისთვის ძალიან კეთილები არიან როგორც ოჯახის წევრები თუ მეგობრები, მაგრამ სუპერმარკეტში ადამიანები ერთმანეთს გამარჯობასაც არ ეუბნებიან. ერთი შეხედვით, უცხო ადამიანების მიმართ ძალიან არამეგობრულები ჩანან, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ გავიღიმო და ვუთხრა: „გამარჯობა, როგორ ხართ?“ და მაშინ უცებ იხსნებიან.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ტურისტებს არ უნდათ სალაროსთან დაღვრემილ სახეს ხედავდნენ. მათ უნდათ, რომ იქ ვინმე ისეთი იჯდეს, ვინც მათ ეტყვის: გამარჯობა, დილა მშვიდობისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ცოტა არაბუნებრივი იყოს.

არამეგობრული ატმოსფერო არც უცხოელებისთვის და არც ქართველებისთვის კარგი არ არის. ამერიკაში, ყველა მუდმივად გეკითხება: „როგორ ხარ?“ – მაშინაც კი, როცა სინამდვილეში ეს არ აინტერესებთ, მაგრამ ეს თავს მაინც ოდნავ უკეთ გაგრძნობინებს.

თუმცა ამის მიზეზიც მესმის. საბჭოთა დროს, ქართველები თავს იცავდნენ. ასეთი ცივი დამოკიდებულება მათ კომუნისტური წესებისა და ინსტიტუციების წნეხისგან იცავდა. ეს თავდაცვის საშუალებაა, რომელიც ადამიანებმა ჯერ კიდევ შეინარჩუნეს. ეს ჩემთვის უარყოფითი რამეა და ქართველებს თანავუგრძნობ, რადგან მათ არ შეუძლიათ ქუჩაში უცხოს მიმართ მყისიერი კეთილგანწყობა გამოხატონ.

იმის იმედიღა მრჩება, რომ ახალი თაობა ნაკლებად თავდაცვითი იქნება ამ მხრივ და უფრო გაიხსნება, რადგან ეს საკუთარ თავსაც და სხვებსაც სარგებელს მოუტანს. ამით რას კარგავენ? როცა ქუჩაში მანქანას ატარებ, ნუ ხარ გაბრაზებული, სხვებზეც იფიქრე. ახლა, როდესაც გვაქვს თანამედროვე საზოგადოება, ქუჩაში უბედური სახით რატომ უნდა დავდიოდეთ?

ანა სამველი: უცხოელები როგორც უპირატესობებს, ასევე სტერეოტიპებს ხვდებიან

როდესაც ვსაუბრობ იმაზე, თუ როგორ შეიცვალა საქართველო გასული წლების განმავლობაში, ყოველთვის ვიწყებ ანეკდოტით: 2000-იანი წლების დასაწყისში ჩემს მეგობართან ერთად საქართველოში მატარებლით ვმოგზაურობდი. ორივეს გვეძინა, თითოეულმა დასაძინებლად ორი ადგილი დავიკავეთ. მერე ვიღაც მოვიდა, დაჯდომა უნდოდა და სხვამ უთხრა: ნუ გააღვიძებ, უცხოელები არიანო. ვფიქრობ, დღეს მსგავს შემთხვევაში ისევე მოგვექცეოდნენ, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, რაც სრულიად გამართლებული და სწორია. ჩვენ არ უნდა გვეპყრობოდნენ, თითქოს რაღაც ელიტა ვართ. თუმცა მაშინ ადამიანებს ნამდვილად უფრო მეტად აკვირვებდათ და უხაროდათ უცხოელების ნახვა.

უცხოელები საქართველოში. ისინი არ არიან ტურისტები. საქართველო უკვე მათი სახლია - რას ფიქრობენ საქარველოზე უცხოელები, რომლებიც აქ ათ წელზე მეტია ცხოვრობენ
ანა სამველი

ახლა ფოთში ვცხოვრობ და ქალაქში ყველამ იცის, ვინ ვარ, რაც ჯერ კიდევ ცოტა შემაძრწუნებელია. საქართველოში დარჩენა გადავწყვიტე, რადგან ეს ქვეყანა მიყვარს და ასევე ჩემი მეუღლე აქ გავიცანი. ახლა ორი შვილი გვყავს. თავდაპირველად, მის მშობლებთან ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ მერე ვუთხარი, რომ შვილის ყოლა არ მინდა მანამ, სანამ საკუთარი აბაზანა არ მექნება. მაშინ საცხოვრებლად საკუთარ ბინაში გადავედით.

როდესაც საქართველოში უცხოელი ხარ, ხვდები როგორც გარკვეულ უპირატესობებს, ასევე სტერეოტიპებს. ვიცი, რომ ჩემს ქმარს ბევრჯერ ეუბნებოდნენ, რომ ცოლად არ მომიყვანოს. თითქოს ევროპელმა გოგოებმა ოჯახის ფასი არ იციან და ერთ დღეს აუცილებლად ვუღალატებდი და მივატოვებდი. თუმცა უპირატესობებიც ხშირია – მე ნიდერლანდებიდან ვარ და ამიტომ ველოსიპედით სიარული ძალიან მიყვარს, რადგან ნიდერლანდები ველოსიპედების ქვეყანაა. ფოთში, ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ, ქალებისთვის ველოსიპედის ტარება მიუღებელი იყო. თუმცა მე რადგან უცხოელი ვარ, არავის აინტერესებს, ისედაც გიჟად მთვლიან. ხოლო ბევრი ქართველი ქალისგან გამიგია, რომ ველოსიპედის ტარების გამო მათ განსჯიდნენ.

ცხადია, საქართველოში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. როდესაც აქ 2003 წელს პირველად ჩამოვედი, ვარდების რევოლუციიდან  სულ რამდენიმე თვე იყო გასული და აქ ნამდვილი სიღარიბე სუფევდა, ხშირად დენი ითიშებოდა. გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, საქართველო ძალიან ნაცრისფერი იყო. თუმცა მე მაინც მომეწონა ეს ქვეყანა, ხალხის და სილამაზის გამო. მოგზაურობა ძალიან მიყვარდა და კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა, როცა აქ მუშაობა დავიწყე. სამოქალაქო საზოგადოება ნამდვილად მოტივირებული იყო, რომ აქ მდგომარეობა შეეცვალა და მეც ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს რაღაცის შეცვლა შემეძლო.

მაშინ უკვე დავიწყე მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციაში „ქალები საერთო მომავლისთვის“, რომელშიც დღემდე ვმუშაობ. ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ისეთ თემებს, როგორიცაა გენდერი და კლიმატის ცვლილება. ვცდილობთ, დავეხმაროთ ადგილობრივ ქალებს, იცხოვრონ ღირსეულ პირობებში და გახდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნაწილი. დიდ წინსვლას ვხედავთ, განსაკუთრებით თბილისში. ქალები და გოგოები უფრო თავისუფლები და დამოუკიდებლები არიან. მათ შეუძლიათ უფრო გახსნილები იყვნენ, ვიდრე 2000-იანების დასაწყისში.

თუმცა, რადგან მხოლოდ პოზიტიური არ უნდა ვიყო, დავამატებ, რომ, ჩემი აზრით, საქართველოში ეს ახალი ლიბერალისტური და კაპიტალისტური მიდგომა საზიანოა ქვეყნისთვის. მთავრობა ყველაფერს ყიდის – წყლის რესურსებს, ელექტროენერგიის რესურსებს. ადრე უამრავ მიწის ნაკვეთსაც ყიდდნენ. საბედნიეროდ, ახლა ამას აღარ აკეთებენ. ყველა ბიზნესი უცხოური კომპანიების ხელშია, რაც საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ცუდია. კარგი იქნება, თუ მთავრობა მხოლოდ მოგებაზე არ იქნება ორიენტირებული, არამედ ადამიანების კეთილდღეობასაც მიაქცევს ყურადღებას.